აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე ზაფხულს კუბის რეჟიმის კრახისთვის ემზადება და უკვე ჩაატარა სამხედრო წვრთნები, რათა შეემუშავებინა ახალი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ კუნძულოვანი სახელმწიფო ქაოსში აღმოჩნდება. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპმა კუბაში შეჭრის უფლება სამხედროებს არ მისცა და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ემხრობა, შესაბამისად, ამერიკის ადმინისტრაცია ეკონომიკური სანქციების შემოღების პოლიტიკას გააგრძელებს, რათა ნელი ტემპებით ჰავანის რეჟიმი მოგუდოს.
„ჩვენ რეჟიმის დამხობა არ გვსურს. ამას თავისი ლოგიკა აქვს. ეს ეტაპობრივად მოხდება“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს.
კუბის კომუნისტურ რეჟიმზე მეთოდურად ზეწოლის განხორციელება ტრამპს დროის მოგების საშუალებას აძლევს, რადგან ახლა ის ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით არის დაკავებული, წერს AXIOS-ი.
„ირანი ჯერ დასრულებული არ არის და პრეზიდენტი არ ჩქარობს. ტრამპს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენება სურს, მაგრამ ამ მომენტისთვის არც ისე ბევრი ბერკეტია დარჩენილი“, – განუცხადა გამოცემას მეორე ამერიკელმა ჩინოვნიკმა.
მესამე წყაროს განცხადებით, აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს მრავალი ბერკეტი, განსაკუთრებით სანცქიებისა და მათი აღსრულების კუთხით. „წინ ბევრი საინტერესო რამ გველის“, – დასძინა მან.
