ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია პოლიციელების მიერ ჩადენილ გადაცდომაზე, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ ფაქტის პოლიტიკურ ტრიგერად გადაქცევას ოპოზიცია ვერ შეძლებს, ვინაიდან სახელმწიფოს ასეთ შემთხვევებზე აქვს მყისიერი რეაგირება.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, კითხვის ნიშნები კონკრეტული პირების მიმართ არსებობს და ამას გამოძიება გაარკვევს.
„გაარკვევს გამოძიება და გავიგებთ რანაირად აღმოჩნდნენ ის ადამიანები იქ, რომლებიც ამას იწერდნენ და შემდეგ როგორ აგორდა სოციალურ ქსელებში და მასმედიაში ეს შემთხვევა. პირველი არ არის ასეთი შემთხვევა. თუ ისინი [ოპოზიცია] არიან იმის იმედად, რომ გარკვეული კრიმინალი აქციონ პოლიტიკური აქციების და პროტესტის ტრიგერად, ამის იმედად არიან ძალიან ტყუილად. კარგია, როდესაც სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ დამნაშავეები დასაჯოს თვითონ და საქართველო არ დაემსგავსოს უკრაინას, რომელსაც აშშ-დან დაინსტალირებული გარკვეული უწყება იქაურ კრიმინალებს დევნის და ადგილობრივ სამართალდამცავებს ამის უნარი არ გააჩნიათ. ჩვენი სახელმწიფო არის ამისთვის მზად და მოქმედი და ეს ძალიან კარგია. ყველაზე დონეზე კანონი არის ერთი ყველასათვის“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
