ევროკავშირმა ჩინეთის საკუთრებაში არსებულ ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Temu უკანონო პროდუქტების გაყიდვის გამო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, აკრძალულ ნივთებს შორის ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები და დაზიანებული დამტენები მოხვდა.
ევროკავშირის გამოძიების მიხედვით, Temu-ს მეშვეობით შეძენილი ელექტროდამტენების უმეტესობა ელექტროუსაფრთხოების ძირითად ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ საბავშვო სათამაშოების უმეტესობა უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენდა, შეიცავდა დიდი რაოდენობით ქიმიკატებს ან ჰქონდა მცირე ზომის მოსახსნელი ნაწილები, რომლებიც მცირეწლოვანთა დახრჩობის საფრთხეს ქმნიდა.
კომპანიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ განაცხადა, რომ Temu-მ „ვერ შეძლო პროდუქტების სისტემური რისკების გულმოდგინედ იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება“ და იმ ზიანის აღქმა, რაც მათ შეიძლება, მომხმარებლებს მიაყენონ.
დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომპანიაში განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევენ.
„ბიბისი“ წერს, რომ Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ასრულებდა თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს.
