ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, SOMM TV-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, SOMM TV-ის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 8 მაისს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ. მათ ასევე მოინახულეს ქართული ღვინის მარნები კახეთსა და ქართლში, სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე ღვინის კულტურას გაეცნენ.
ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი SOMM TV-ის ეთერში, YouTube-არხსა და სოციალურ მედიაში მიმდინარე წლის ზაფხულში გავა.
საქართველოს, როგორც მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის, წარმოჩენა SOMM TV-ის რეიტინგულ გადაცემებში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის და გაყიდვების ზრდას ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე.
SOMM TV საერთაშორისო ციფრული მედია-პლატფორმაა, რომელიც სრულად ეძღვნება ღვინოს, გასტრონომიას, მოგზაურობასა და ცხოვრების სტილს. პლატფორმა ამერიკელმა სომელიეებმა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს. SOMM TV ცნობილია მაღალი ხარისხის დოკუმენტური ფილმებით, სერიებითა და საგანმანათლებლო კონტენტით ღვინის სამყაროზე. მათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია დოკუმენტური ფილმების სერია SOMM, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა როგორც პროფესიონალ სომელიეებს, ისე ღვინის მოყვარულებს შორის.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედია-კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix და სხვა.
