პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ განცხადებაში მესიჯები თვალსაჩინო და გასათვალისწინებელია.
„მესიჯები არის საკმაოდ თვალსაჩინო და გასათვალისწინებელი. ჩვენთვის მისასალმებელია ამ ურთიერთობის იმ ნორმებში დაბრუნება, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, მაგრამ შინაარსით შევსებული, ამაზე იყო საუბარი განცხადებაში. ოპოზიციამ ყურადღება უნდა მიაქციოს, (თუ ისევ ისტერიკაში არ ჩავარდებიან ამ მესიჯის გამო) იმას, რომ ქვეყნის სტაბილურობა გადაწყვეტს ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და იმ თანამშრომლობის ფართო სპექტრს, რომელიც აშშ-ს დელეგაციის მხრიდან გაჟღერდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“ – აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს.
