აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პეკინში გამართული შეხვედრის დროს, ტრამპმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აშშ-ის ლიდერმა ჩინეთს სთხოვა, გამოიყენოს თავისი გავლენა და მოუწოდოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მიმართვა მკაფიოდ ასახავს ვაშინგტონის მოლოდინს, რომ პეკინი აქტიურად ჩაერთვება სამშვიდობო ძალისხმევაში. უკრაინის კონფლიქტის მოგვარება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ხაზია 2025 წელს თეთრ სახლში მისი დაბრუნების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა დღეს დაადასტურა, რომ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება პრეზიდენტ ზელენსკის პირდაპირი ბრძანებაა.
მისი თქმით, საომარი მოქმედებების ზამთრამდე შეჩერება სრულიად რეალისტური მიზანია. ბუდანოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის უკვე არსებობს რეალური საფუძველი. უკრაინა ამჟამად ემზადება დასავლელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის, თუმცა ოფიციალური კიევი კატეგორიულად გამორიცხავს საკუთარი ტერიტორიების დათმობის ნებისმიერ სცენარს.
