ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ბრიტანელი სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის მკვლელობა მიგრაციულ პროცესებს დაუკავშირა და საზოგადოებას „სამართლიანი რისხვისკენ“ მოუწოდა.
ლონდონში ვენსი „ქუჩებში განხეთქილების გაღვივების მცდელობაში“ დაადანაშაულეს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ 18 წლის სტუდენტი ჰენრი ნოვაკი დღეს ცოცხალი იქნებოდა, „ევროპულ ელიტებს თვითგვემის პოლიტიკისა და მიგრანტების მასობრივი შემოსევის წინაშე პოზიციები რომ არ დაეთმოთ“.
ვენსის თქმით, მიგრანტთა დიდ ნაწილს სძულს დასავლეთი და ის ადამიანები, ვისაც ის უყვარს. „ყოველი ასეთი სიცოცხლის დაკარგვისას, ერთადერთი სწორი რეაქცია სამართლიანი რისხვაა“, – დასძინა მან.
ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარსაც, სადაც აღნიშნული იყო, რომ დასავლეთში „ორმაგი სტანდარტების მქონე საპოლიციო სისტემა“ მიუღებელია.
დაუნინგ სტრიტის სპიკერმა განაცხადა, რომ „ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში“.
„ნოვაკის ოჯახი ჰენრის საშინელ მკვლელობას გლოვობს. მათ პირდაპირ თქვეს, რომ არ სურთ მისი სიკვდილი ახალი განხეთქილების, სიძულვილის ან დაძაბულობის მიზეზი გახდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ სურვილს. ჩვენმა პოლიტიკამ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი უნდა გააერთიანოს ადამიანები“, – აღნიშნეს პრემიერის ადმინისტრაციაში.
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დევიდ ლემიმ კატეგორიულად უარყო ბრალდებები ქვეყანაში „ორმაგი სტანდარტების მართლმსაჯულების“ არსებობის შესახებ. მანამდე ლემიმ ტექნოლოგიურ მაგნატ ილონ მასკსაც მოუწოდა, რომელიც სოციალურ ქსელში ასევე აქტიურად წერდა ამ თემაზე, „შორს დამდგარიყო“ ამ საქმისგან.
ჰენრი ნოვაკი 2025 წლის 4 დეკემბერს საუთჰემპტონში მოკლეს. მას 23 წლის მამაკაცმა დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ჩათვალა, რომ ინციდენტში დამნაშავე ნოვაკი იყო და ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს ბორკილები დაადო. დაჭრილი ნოვაკი პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას არ დაუჯერეს. მოზარდი ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.
