რუმინეთის პარლამენტმა უარი თქვა ადრიან ვეშტეას მთავრობის დამტკიცებაზე, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. ადრიან ვეშტეამ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად საჭირო 233 ხმის მოპოვება ვერ შეძლო – წერს გამოცემა POLITICO.
გამოცემის ცნობით, ვეშტეა პრეზიდენტ ნიკუშორ დანის მიერ დასახელებული მეორე წარუმატებელი კანდიდატი აღმოჩნდა, რომელსაც მხარი მხოლოდ 189 კანონმდებელმა დაუჭირა.
„დღევანდელი კენჭისყრის შედეგი არ იყო ის, რასაც რუმინეთისთვის ვისურვებდით. თუმცა, კენჭისყრის შედეგი სუვერენულია და მე მას პატივს ვცემ. მთავრობის გარეშე გატარებული 47 დღე უკვე ზედმეტად ძვირი გვიჯდება: ეს არის დაკარგული ევროპული ფონდები, ნდობა და დრო“, – დაწერა ვეშტეამ Facebook-ზე.
სტატიის მიხედვით, პრეზიდენტმა დანმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, ვის დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის მესამე კანდიდატად. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დანი მომდევნო 60 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს ვერ დაასახელებს, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
