ამ დრომდე უცნობია გუშინ მოკლული ორი ოზურგეთელი მამაკაცის მკვლელობის მოტივი და მკვლელების ვინაობა. ცნობილია მხოლოდ, რომ გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი დიმა ომოლჩენკო იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე (ყოფილი წულუკიძის ქუჩა) ფოცხიშვილის ნათლიის სახლის წინ ჩაცხრილეს.
ფოცხიშვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო და წლების წინ ე.წ. კანონიერ ქურდებათან დაპირისპირებაც ჰქონდა.
რაც შეეხება ფოცხიშვილის დის ქმარს, დიმა ომოლჩენკოს იგი შემოქმედის ეპარქიაში გაიზარდა. დედმამით ობოლი ბიჭი მეუფე იოსებმა გაზარდა. ომოლჩენკომ სასულიერო პირების გარემოცვაში წლები გაატარა. მის შესახებ ყველას სასიამოვნო მოგენებები აქვს და როგორც ამბობენ, პატიოსანი ახალგაზრდა შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა.
დიმას ემოციურ პოსტს უძღვნის შემოქმედის ეპარქიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძეც:
“მამა ვასილმა აღმოაჩინა პატარა თეთრი საყვარელი ბიჭი. თავისთან ზრდიდა. მერე მეუფემ ნახა და ეტყობა თვალებში რომ ჩახედა დაინახა ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა მისი ფრთის ქვეშ ყოფნით დაეფარა
გაიზარდა შემოქმედის ეპარქიაში, მეუფის ფრთის ქვეშ, ეკლესიის წიაღში. ერთგული და პატიოსანი კაცი დადგა. მშრომელი და სიკეთისმოყვარე. მეუფისგან სითბო, სიყვარული, შრომისმოყვარეობა კარგად შეისწავლა და ასე გვინაწილებდა სიყვარულს ყველას ჩვენი გაზაფხულა.
დედობას იღუმენიები და დედები უწევდა. ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკო.
ასე მოვდიოდით ერთად ბევრი წელი. ბედნიერი წუთები და ერთად ყოფნის სიამოვნება გვავსებდა. ყველა ასე ვერთიანდებოდით მეუფის ირგვლივ. უფრო სწორად მეუფე გვაერთიანებდა მის ირგვლივ…
მერე ცხოვრების გზაჯვარედინზე გავედით. დიმიკო დაქორწინდა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღე. ყველა დიმიკოს ირგვლივ ვიყავით და გვინდოდა ყველაფერი საუკეთესო მისთვის ყოფილიყო.
მერე დიმიკომ ეს პასუხისმგებლობა კარგად გაისიგრძეგანა და ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთაც წავიდა. დღედაღამ მუშაობდა ორივე ცოლ-ქმარი, რომ რაიმე შეექმნათ. მერე დაბრუნდნენ სამშობლოში, თავიანთი ბუდე მოაწყვეს და აქაც გააგრძელეს შრომა.
ასე პატიოსნად და დაუზარელად გაჰონდათ ცხოვრების ჭაპანი. დღეს კი, ჩემი საწყალი ბიჭი ასე უმოწყალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან დატოვა სიყვარული და პატარა ბიჭი. ბიჭი, რომელიც მამის ასლია. ბიჭმა, რომელმაც უმამოდ უნდა გაიზარდოს. მართალია, ემახსოვრება საყვარელი მამიკო, მაგრამ მაინც სხვებიდან მოუწევს გაიგოს, როგორი თბილი გული ჰქონდა მის უბედო მამას, როგორი ერთგული იყო, როგორი მშრომელი იყო და სულ პატარა ბიჭმა რაც შეეძლო ყველაფერი დაუტოვა მის შვილს. რაც მთავარია პატიოსანი სული და სახელი დატოვა, მაგრამ მაინც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა.” – წერს ცერცვაძე.
