სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის მდგრადი განვითარება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
„საქართველოსთვის მდგრადი განვითარება არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
ამიტომ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის განუყოფელი ნაწილია.
გაეროსთან საქართველოს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ პროცესში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც წარადგინა ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე, რაც ადასტურებს 2030 წლის დღის წესრიგის მიმართ ჩვენს თანმიმდევრულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მან ასევე საქართველოს მიერ მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.
„თუმცა, მართვის ეფექტური სისტემები და ძლიერი ინსტიტუციური მოწყობა ფასს კარგავს მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ არასტაბილურ გლობალურ გარემოში, რომელიც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას.
საქართველო კვლავაც განაგრძობს მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული დიალოგის მტკიცე მხარდაჭერას, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.
ეს სტაბილურობა ეყრდნობა არა მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არამედ მყარ ინსტიტუტებს, პროგნოზირებად პოლიტიკურ გარემოს, კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო ვალდებულებებისადმი მტკიცე ერთგულებას.
სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და უფრო ფართო რეგიონულ თანამშრომლობას.
დასასრულს, საქართველო ადასტურებს მზადყოფნას ყველა პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის – მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
