აზრის გამოხატვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ვერასოდეს ვერ იქნება. სტრასბურგის სასამართლომ ეს კოდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა და ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ საქართველოში სიძულვილის ტირაჟირება მიზანმიმართულად ხდება.
„ძალიან სწყინთ, როცა ეროვნულ დონეზე შესაბამისი რეგულაციები არსებობს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ზურგს უმაგრებს იმ ცვლილებებს, რაც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ მიიღო. ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და სიძულვილის ტირაჟირება შემცირებული მომავალში უფრო მეტად იქნება, რაც კიდევ უფრო მძიმედ აგენტურულ ოპოზიციას დააწვება. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ველი რაც უფრო დაცლილია სიძულვილისგან, მით უკეთესია. მნიშვნელოვანია, რომ ეთიკის ნორმებს ყველა იცავდეს და აზრს სხვისი შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვის გარეშე გამოხატავდეს. ვისაც ამის უნარი არ აქვს, ან დავალება აქვს, რომ მისი შესრულება სხვანაირად არ შეუძლია, იმან თავის თავს დააბრალოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სიძულვილის და შეურაცხყოფის მხარეს ვინ დგას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.
