დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიზანია, გამოიყენოს ყველა შესაბამისი სივრცე იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცეები არსებობდეს.
„პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოძველებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული ზონები, ასევე, დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა და საპარკო ინვენტარი, კერძოდ, სკამები და ურნები. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანების ფართომასშტაბიანი სამუშაოები, მოეწყო ტროტუარი და საპარკინგე სივრცე. მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის გამგეობას განხორციელებული პროექტისთვის. სადაც შესაძლებელია და სადაც არსებობს ამ ტიპის სივრცეები, თუნდაც პატარა, ყველგან შევდივართ, რომ კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, გართობისა და ვარჯიშის შესაძლებლობა. მსგავსი სივრცეები უნდა იყოს კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.


