დღეს ჩვენ ვართ მონაწილე დიდი სიხარულის, რომელიც 1 600 ოჯახს აერთიანებს, ოჯახებს, რომლებიც ათეული წელია, ელოდებიან ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ცხადია, ტკივილსა და საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს, ამ ოჯახებს ვერაფერი დაავიწყებთ, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ დღეიდან აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია. სახლი ნიშნავს სტაბილურობას, უსაფრთხოებას, დაცულობას; ნიშნავს, შესაძლებლობას ახალი ცხოვრების დასაწყებად – მშვიდად დაგეგმო შვილების მომავალი და შექმნა შენი ოჯახის ყოველდღიურობა.
ამასთან, როგორც თბილისის მერი მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა, სადაც ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ბავშვების ყიჟინით, მათი თამაშით და ახალი სამეზობლოს გაჩენით გაცოცხლდეს ეს არეალი. ნამდვილად სასიამოვნოა, როგორ არის ყველაფერი მოწესრიგებული, თავისი ატრაქციონებით, შეიძლება ითქვას, რომ ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი პირობა აღნიშნულ დასახლებაში“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 45 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაკმაყოფილდა.
„მოგეხსენებათ, 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 45 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი. დღეს ვხსნით მორიგ მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს 2 400-ზე მეტი სრულად მოწესრიგებული, განახლებული, რეაბილიტირებული ბინითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სახელმწიფოს ეს პოლიტიკა გაგრძელდება იქამდე, თუნდაც ერთი ოჯახი ითხოვს მხარდაჭერას.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ამ დამოკიდებულებისთვის, ზრუნვისთვის, მადლობა ვუთხრა მიხეილ სარჯველაძეს, რადგან ეს პოლიტიკა, დამოკიდებულება ადამიანების მიმართ პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალმოსახლეობას, დღეს 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე დაიწყება, დაე, თქვენს ახალ სახლებში სულ იყოს კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება“, – განაცხადა კალაძემ.
