გზავნილები და რიტორიკა, რომელიც კონკრეტული პოდკასტიდან ისმის, მიუღებელია სასულიერო პირებისთვის. საქმე ეხება უხამს განცხადებებს, მათ შორის წმინდანების შეურაცხყოფას. დეკანოზი საბა ჭიკაიძე სიწმინდეების დაკნინების მცდელობას მდაბიო საქციელად მიიჩნევს.
ამასთან, დეკანოზი ამბობს, რომ ამგვარ საქციელზე პასუხი და აღშფოთება ზომიერი, ისეთი უნდა იყოს, როგორც ქრისტიანს შეეფერება.
„ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს. ძალიან მდაბიო საქციელია, ასე მიმაჩნია. მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ გონს მოეგონ, დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და სინანულით მოემართონ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მათვე დაუბრუნდებათ ძალიან მძიმედ და ძალიან ცუდად. ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ – ღმერთი და სიწმინდე შეურაცხყოფილი არასოდეს რჩება. საბოლოო ჯამში შეურაცხყოფილი რჩება თვითონ ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. საკუთარ თავს შეურაცხყოფს ასეთი ადამიანი და ბუმერანგივით დაუბრუნდება ეს ყველაფერი მათ.
გასაგებია, რომ აღშფოთებას ყველა გამოხატავს, მაგრამ ზომიერება დავიცვათ, რომ არ იყოს არავითარ შემთხვევაში იგივე მეთოდებით მათ მიმართ პასუხი, კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება“, – აცხადებს დეკანოზი საბა ჭიკაიძე.
