მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ.
მისი თქმით, საქართველოს ელჩმა გერმანიაში რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვებ-გვერდზე განაახლა ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რაც იძლევა გარკვეული ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს.
„ჩვენ როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკასთან, გერმანიასთან ურთიერთობას. მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო. ეს არ იქნებოდა მხოლოდ ელჩის ინიციატივა და ექნებოდა უფრო ღრმა ფესვები, მაგრამ კონკრეტულად ელჩი ფიშერი ყოველ ჯერზე არღვევდა დიპლომატიურ მანდატს და ერეოდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში. ეს არაერთხელ ნახა ქართულმა საზოგადოებამ.
ბატონი ფიშერი ესწრებოდა სასამართლო პროცესებს, რუსთაველის გამზირზე აქციებს. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან უხერხული მდგომარეობა საქართველოსა და გერმანიას შორის. ახლა გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი. ვხედავთ, რომ საქართველოს ელჩმა გერმანიაში რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ [ვებ-გვერდზე] განაახლა ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იძლევა გარკვეული ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს და ჩვენ ვართ მზად, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გადავტვირთოთ და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს“, – აღნიშნა ფაღავამ.
