საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს.
„ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი დიპლომატიური მისიის ვადის მიწურულს, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ მადლობას გიხდით პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის.
წელს ჩინეთი აღნიშნავს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავს. დღევანდელი საღამო გვაძლევს შესაძლებლობას, აღვნიშნოთ შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი როლი ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვაში. დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა რჩება ჩვენს საერთო ფასეულობად. პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს არსებითი წვლილი შეაქვს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, რაც ქვეყნებს აძლევს მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის საშუალებას.
იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ თვალსაზრისით ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას – გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის ხელისუფლებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის.
„გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით; წელს კი ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიყვანეთ, რითაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების ახალი შესაძლებლობები შეიქმნა.
ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპი ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახა.
ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია.
უვიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.
ამ მზარდ ინტერესს ახლავს გააქტიურებული საჰაერო მიმოსვლა –
დღეს სამი ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის.
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ურთიერთდაკავშირება, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან დააახლოვა და მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
ეს ხელშესახები შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენს პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის.
ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს.
იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით დასაფასებელია.
დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.
ამ კონტექსტით მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ელჩ ჭოუ ციენს.
თქვენმა პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების არსებით გაღრმავებაში.
გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და იმედი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სიყვარულით გაიხსენებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოს მთავრობას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
„ბოლო ოთხი წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფი განვითარების წლები იყო. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა; გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ეს მნიშვნელოვანი მიღწევები შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ორივე ქვეყანა ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების ერთგულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ვთანამშრომლობთ განვითარებისათვის და ვრჩებით პარტნიორებად, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ხედვები, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა. ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი – მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა. განსაკუთრებით ძვირფასია ის გულწრფელი მეგობრობა, რომელიც თქვენგან ვიგრძენი. ეს მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე.
ამიტომ მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას.
ყოველთვის დავრჩები საქართველოს მეგობრად და კვლავაც გავაგრძელებ ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის მხარდაჭერას”, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.






~












