რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება, – ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.
შარმანაშვილისა და გირჩი ჯაფარიძის დაპირისპირება აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულმა კომენტარმა გამოიწვია, რომელიც საჯარო შეურაცხყოფის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულ კანონმდებლობას ეხება, აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით დაწერილ შარმანაშვილის განცხადებას კი მოჰყვა ზურა ჯაფარიძისგან პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფა.
„ამ ერთხელ გიპასუხებ. საქართველო სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციაშია. ამ სასამართლოს ჯერ არ შეუფასებია უარყოფითად გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხზე. ამაზე ვსაუბრობ მე, რაც ძნელი გასაგები არ უნდა იყოს. აქ პოლიტიკასთან კი არა, სასამართლო პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. თუ სტრასბურგი მიგვითითებს, რომ საქართველოს სასამართლოებმა არასწორად გამიჯნეს სიძულვილის ენა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღასრულებს ამას სახელმწიფო აუცილებლად. ერთიც, მაშინ გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკაც გადასახედი იქნება. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება.“– წერს შარმანაშვილი.
