დიდი ალბათობით, ყრილობაზე არ დაისმება „ოპოზიციის ალიანსში“ ჩვენი პარტიის დარჩენის საკითხი, რადგან სხვა გამოწვევებია, ყრილობამ სხვა საკითხები უნდა გადაწყვიტოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარტიის ფართო შემადგენლობამ უნდა მიიღოს.
„განახლებული მანდატის, ყრილობის შემდეგ დღის წესრიგში, დიდი ალბათობით, უკვე დადგება ეს საკითხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიის ფართო შემადგენლობამ, ვგულისხმობ კენჭისყრას და პარტიის წევრების რაც შეიძლება ფართო მონაწილეობას, არა რაღაც სამდივნოს, პოლიტსაბჭოს ან ყრილობის ფორმატში, ეს უნდა იყოს საჯარო განხილვა და კენჭისყრა. ამ ყრილობაზე მე ცოტა ძნელად წარმომიდგენია ამ საკითხის დაყენება, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია და შეიძლება, ვერ მოესწროს ამ საკითხის განხილვა. რაც შეეხება ალიანსს, ვფიქრობ, მე ყველაზე არაკომპეტენტური ადამიანი ვარ, რომელიც შეიძლება, ალიანსთან დაკავშირებით იყოს, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს, რა ხდება მაგ ალიანსში, ისევე როგორც არ მაინტერესებდა შექმნის პირველივე დღიდან და ვწინასწარმეტყველებდი იმას, რაც ახლა მათ სჭირთ“, – განაცხადა წითლიძემ.
