ევროკავშირის ფასეულობითი ცვლილება ხდება. საკითხის ასე დაყენება ნიშნავს, რომ შინაარსობრივად სულ სხვა ევროკავშირთან გვექნება საქმე, ვიდრე იმასთან, რასთან დაკავშირებითაც საქართველომ ნაბიჯები გადადგა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის ინიციატივაზე, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესი გაუქმდეს.
„განცხადებებიდან რაც ჩანს, საკითხი ასე დგას – ევროკავშირში ახალ ქვეყანას თუ მივიღებთ, მას ვეტო-ს უფლება არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ეხება ფინანსებს, საემიგრაციო პოლიტიკას და ასე შემდეგ. ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო უნგრეთი, რის გამოც ორბანს ებრძოდნენ. ევროკავშირის შიგნითაც არის საუბარი, რომ არ შეიძლება, გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღებოდეს. გამოყოფილი საკითხები აქაც იქნება, სადაც გადაწყვეტილება კონსენსუსით აღარ უნდა მიიღებოდეს. ანუ, დიდი ქვეყნები ავტომატურად გამოდიან დომინანტები – თამაშის წესებს ისინი განსაზღვრავენ. ახლაც დომინამტები იყვნენ, მაგრამ საქმე ასე თუ წავიდა, უკვე იურიდიულად იქნებიან დომინანტები. პატარა ქვეყანას იმ მთავარ ხიბლს ართმევენ, რის გამოც ევროკავშირში მიდიხარ. დიდ ქვეყნებთან ერთად, შენი ხმა ტოლფასიანი უნდა იყოს. ეს თუ ხელიდან გეცლება, მაშინ მანიპულაციის საგანი ხდები და სუვერენიტეტი უკვე დაკარგული გაქვს. დიდი გაერთიანებები მარტივი კონსტრუქციის არ არის. ბაბილონის გოდოლის აშენება წარმატებული საქმე არასოდეს ყოფილა, რადგან ადამიანებს, ერებს, ქვეყნებს – ყველას თავისი ინტერესი აქვს. ამ ინტერესების ნიველირება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ადრე თუ გვიან, როცა კრიზისული ვითარება დგება, ეროვნული ინტერესები წინ მოდის და პატარა ქვეყნის ინტერესები გლობალური მოთამაშის მიზნების განხორციელებისას შემაფერხებელი ხდება. ეკონონიკური თუ გეოპოლიტიკური კრიზისის პირობებში ეს საკითხი ასე აქტუალურად ამიტომ დადგა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
