ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს – ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის კომპანიებთან გამართული შეხვედრის შესახებ.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დაახლოების წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო მასშტაბური რეფორმა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, რომლის უმეტესი ნაწილი სამშენებლო პროექტებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოდის.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ამ მიმართულებით მანამდე არსებულ არასწორ პრაქტიკაზე ისაუბრა.
„არ შეიძლება, ბიზნესს შედარებით ნაკლები უჯდებოდეს და უფრო ხარისხიანი იყოს მათ მიერ განხორციელებული მშენებლობა და სახელმწიფოსთან მიმართებით ფასი უფრო მაღალი იყოს და ხარისხი დაბალი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ამისთვის ჩვენ გადავდგით ძალიან ბევრი ნაბიჯი, მთლიანად გავასწორეთ შესყიდვების სისტემა, აღმოვფხვერით ყველა არასწორი პრაქტიკა სამშენებლო პროექტებთან მიმართებაში. ინფრასტრუქტურის მინისტრი პირადად არის ჩართული ყოველდღიურ საოპერაციო ქმედებებში. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა მასალების, მანქანა-მექანიზმების, შრომის ანაზღაურების საბაზრო ღირებულებები ქვეყანაში.
არავინ იცოდა, მშენებლობაზე რა წარმოადგენდა საბაზრო ღირებულებას. ჩვენ შემოვიტანეთ ინდექსაცია, რაც მრავალწლიან პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ტურბულენტურ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც შესაძლოა, იმპორტული საქონელი რეგიონში არსებული სიტუაციის გამო გაძვირდეს, რაც ინდექსაციის დანერგვის შედეგად, მხოლოდ ბიზნესის რისკი აღარ არის და ჩვენ ვინაწილებთ ამ რისკს. თუ შემცირდება ფასები, ეს აისახება საერთო თანხაზეც. ასევე შესყიდვების კანონმდებლობაში შევიდა ძალიან ბევრი სწორი ცვლილება, რისი პრეზენტაციაც გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბიზნესსექტორთან და ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება, გაგვეჯანსაღებინა სისტემა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, „დიზაინ ბილდის“ პრაქტიკა შეიცვალა და პროცესი მთლიანად პროექტირებაზე გადავიდა.
„ჩვენ გვწამს, რომ რაც უფრო მეტს დახარჯავ პროექტზე, მით უფრო მეტ ხარისხის მიიღებ ჯამში და მშენებლობის პროცესში ნაკლები დანახარჯი ექნება სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს – ვუთხარით, რომ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე.
ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმეში გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები. ეს არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, ჩვენ შესაბამისად, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა უნდა მივიღოთ ხარისხიანი შესრულება, ხარისხიანი პროდუქტი, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2 ან 3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებს და მას უნდა სჭირდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ მოვლა-პატრონობის ხარჯები“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, შესყიდვების სისტემა, მათ შორის ინდექსაციის მიმართულებით, არ ტოვებს სივრცეს გარდა იმისა, რომ ბიზნესსექტორმა ხარისხიანად იმუშაოს.
„ქართველი მშენებელი უნდა იყოს დაკავშირებული ხარისხიან ინფრასტრუქტურასთან, ხარისხის ნიშანთან და ეს პირდაპირ აისახება, როგორც მუშახელის კვალიფიკაციაზე, პროფესიონალიზმზე, ისე – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნილი ინფრასტრუქტურის ხარისხზე, რომელმაც უნდა გაუძლოს წლებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
