აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები.
„რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. ეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ტროტუარზე დაწყებულია მიწისქვეშა კაბელარხების მოწყობაც, სადაც შემდგომ ელექტროსადენები განთავსდება.
„კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ობიექტზე შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის განმავლობაში დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.


