იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მემარცხენე „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ჯუზეპე კონტემ მიმდინარე კვირას პოლიტიკური დებატები გააჩაღა. მან ეჭვქვეშ დააყენა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი გაიმარჯვებს, იუწყება POLITICO.
კონტეს განცხადებამ მემარცხენე ბანაკში უკრაინის საკითხზე არსებული ღრმა უთანხმოება გამოავლინა. მომავალი წლის არჩევნებისთვის მზადების ფონზე, POLITICO-ს გამოკითხვის მიხედვით, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული“ პარტია რეიტინგებით თითქმის უთანაბრდებიან პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით მოქმედ მემარჯვენე კოალიციას. ამასთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიაში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ფართო მხარდაჭერით არ სარგებლობს.
La Stampa-თვის მიცემულ ინტერვიუში კონტემ განაცხადა, რომ მისი პარტია თავდაპირველად მხარს უჭერდა კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, რადგან „რუსეთთან აშკარა სამხედრო დისბალანსი არსებობდა“. თუმცა, მისი თქმით, ახლა, როდესაც უკრაინას „კარგად აღჭურვილი სამხედრო არსენალი აქვს“, პარტია კვლავ თავს შეიკავებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების მხარდაჭერისგან და ყურადღებას მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაიტანს.
კონტეს განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ მემარცხენე ამომრჩევლების პრაიმერიზის შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული. სწორედ ამ პროცესში უნდა გადაწყდეს, ვინ უხელმძღვანელებს მემარცხენე კოალიციას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში.
„ამ საკითხს პრაიმერიზით გადავწყვეტთ. გადაწყვეტილებას იტალიელები მიიღებენ“, – განაცხადა მან.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი მიზანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებაა.
„პუტინს მოლაპარაკება არ სურს? მაინც დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს“, – აღნიშნა კონტემ და დასძინა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის ინტერესებს უნდა იცავდეს.
