აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ განაცხადა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიაა.
„პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირის, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისთვის სიცოცხლე გაწირეს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეროვნული ერთობა, გავაძლიეროთ სახელმწიფო და მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული პოლიტიკით განვაგრძოთ ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაციისთვის. გვჯერა, დევნილთა ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში და ქვეყნის გამთლიანება არის მიზანი, რომელსაც თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
