დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იმ უდიდეს დანაკარგს, რასაც უკავშირდება 18 წლის წინ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას და საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გორში განაცხადა, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
თეა ახვლედიანის თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად წარმოაჩენს მშვიდობის დაცვისა და გამტკიცების უპირობო მნიშვნელობას.
„დღეს გორიდან მაქვს შესაძლებლობა პატივი მივაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და თანაგრძნობა გამოვუცხადო მათ ოჯახებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იმ უდიდეს დანაკარგს, რასაც უკავშირდება 18 წლის წინ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას და საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, რომლის უმძიმესი შედეგების დასაძლევად ჩვენ განუხრელად ვახორციელებთ ერთიანი სამთავრობო მიდგომით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრაგმატულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად წარმოაჩენს მშვიდობის დაცვისა და გამტკიცების უპირობო მნიშვნელობას; სწორედ ამ პასუხისმგებლობით ახორციელებს ყოველდღიურ ძალისხმევას საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, ტერიტორიების მშვიდობიანად დეოკუპაციასთან ერთად, ომით დაშორებული ჩვენი ხალხის შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ერთიან და თავისუფალ საქართველოში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
თეა ახვლედიანმა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, გამოხატა თანაგრძნობა და მთავრობის სახელით მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
