საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს უწყების ახალი უფროსი პაატა კილაძე წარუდგინა.
მინისტრმა პაატა კილაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობაზე და იმ ღონისძიებებსა და რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი.
„ბატონ პაატას საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. დარწმუნებული ვარ, მისი მოსვლით ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ჯღარკავას გაწეული საქმიანობისთვის. მისი განცხადებით, უწყებაში განხორციელებული ცვლილება როტაციული ხასიათისაა და ლევან ჯღარკავა სამინისტროს სისტემაში საქმიანობას გააგრძელებს, რაც, თავის მხრივ, სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.
პაატა კილაძე პროფესიით ეკონომისტი და იურისტია. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სტრუქტურებში. 2021 წლიდან დღემდე ის სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
პაატა კილაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობას ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გამოთქვა მზადყოფნა, თავისი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით ხელი შეუწყოს უწყების წინაშე დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
