პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კულტურისა და მეცნიერების სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ჩვეულებრივად თანამშრომლობდნენ, დღეს ე.წ. პრინციპულობას იჩენენ, რაც მიზანმიმართულ რუსოფობიაშია გადაზრდილი.
მისი შეფასებით, რთული დასაჯერებელია, რომ ეს ორმაგი სტანდარტი შემთხვევითობაა და ის უფრო ერთიანი ფრონტით განხორციელებულ, ანტიქართული ხასიათის ქმედებას ჰგავს.
“ფაქტია და საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რა მასშტაბის ქმედებებს ჰქონდა ადგილი 2008 წლის შემდგომ. კულტურის მოღვაწეები თუ მეცნიერების სფეროდან ცალკეული პირები, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მშვენივრად თანამშრომლობდნენ რუსეთთან, არანაირი პრინციპული დამოკიდებულება არ ჰქონდათ, მიუხედავად 2008 წლის ომისა, მიუხედავად 400-ზე მეტი დაღუპულისა და დაკარგული, დროებითი ტერიტორიებისა და ასე შემდეგ.
მშვენივრად დადიოდნენ რუსეთში, ატარებდნენ კონცერტებს, საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ და და დღეს, როდესაც უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა განახორციელა აგრესია, ე.წ. პრინციპულობა გამოაჩინეს, რაც პირდაპირ რუსოფობიაში არის გადაზრდილი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სწორედ ეს კითხვის ნიშნები იყო დასმული და საზოგადოებამ თვითონ გასცეს პასუხი – ეს შემთხვევითი დამთხვევაა, რომლის დაჯერებაც ნამდვილად რთულია, თუ რაღაც მიზანმიმართული, ერთიანი ფრონტით განხორციელებული ქმედებები, რომელიც, სამწუხაროდ, ანტიქართულ ხასიათს ატარებს,” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
