გია ბარამიძის განცხადება არის ბოროტი ცილისწამება, იმ ქვეყნისა და ხალხის ღალატი, რომლის მოქალაქედაც მიიჩნევს ადამიანი თავს. მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას, – ამის შესახებ განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.
ხაინდრავას თქმით, დოკუმენტებში ნათლად იქნება ნაჩვენები აფხაზი ტყვეების გადაცემა აფხაზური მხარისთვის, რომელსაც ესწრებოდნენ ანქვაბი და ავთანდილ იოსელიანი.
„უსინდისო უნდა იყო ადამიანი, რომ ტყვეების გაცვლის პროცესში არ ახსენო ავთანდილ იოსელიანი. იგი ედგა სათავეში ყველა იმ პროცესს, რაც გულისხმობდა ტყვეების გაცვლას და რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გამოყვანას. იქითა მხრიდან იყო ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც უამრავი სიკეთე გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის გამარჯვების, თუ შეიძლება, ამას გამარჯვება ერქვას, ერთ-ერთი შემოქმედი იყო. ასე რომ, სურათი ნათელია. ბარამიძე გარეწარია, ისევე როგორც სააკაშვილი, თავად „ნაციონალური მოძრაობაა“ სიცრუის ბუდე.
34 წელი გავიდა. გია ბარამიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ვიცე-სპიკერი. ამ წლების განმავლობაში, ისეთი რამ თუ ხდებოდა, რატომ არ დაინტერესდა? დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ აფხაზ ხალხსა და ქართველებს შორის დაიწყო ურთიერთობა, ახალი თაობა წამოვიდა, ვისაც არ ახსოვს, რა ხდებოდა, დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს, სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია. იყავი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, რატომ არ დააყენე ეს საკითხი? ჩაგეტარებინა გამოძიება, მოგეკითხა, რა ხდებოდა, მაგრამ – არა. 14 აგვისტო აფხაზეთში ომის დაწყების თარიღია და დარწმუნებული ვარ, ამ დროისთვის იქნება რაღაც გამოგდებული“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა: „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“. ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე 7 აგვისტოს გამოძიება დაიწყო.
