მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი, დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ არის მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მედიკამენტის დანერგვისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობას და „ტრიკაფტას“ პაციენტებისთვის მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება.
„დღეს, მინდა, საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი, მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე. საქმე ამჯერად ეხება ცისტური ფიბროზის იგივე მუკოვისციდოზის, იშვიათი გენეტიკური, ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას. ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი, წებოვანი ლორწოს წარმოქმნას. დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას. დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში. ამიტომ, უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი, დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება“,
მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის და პროცესის მხარდაჭერისთვის.
„სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მედიკამენტის დანერგვისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობას და „ტრიკაფტას“ პაციენტებისთვის მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ. მინდა, აქვე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ პროცესის მთლიანად მხარდაჭერისთვის. საქართველო იქნება იმ არცთუ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფო პროგრამაში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის, გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის, ამ რთული პროცესის ერთად გავლისთვის, გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ყველაფერი ეს გადამწყვეტი იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის.
