უკრაინის სამხედრო ძალებმა გვიან ღამით რუსეთის ლენინგრადის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც უსტ-ლუგაში საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორზე ალექსანდრ დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უსტ-ლუგა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტია ბალტიის ზღვაში. იქ მდებარეობს ნავთობტერმინალი, რომელიც ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს. სანკტ-პეტერბურგის დასავლეთით მდებარე პორტი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან საკმაოდ შორსაა, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შემოსავლების გენერირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
დროზდენკოს განცხადებით, რეგიონზე მასშტაბური დრონებით შეტევის შემდეგ პორტში ხანძარი გაჩნდა. რუსი ოფიციალური პირების მტკიცებით, ლენინგრადის ოლქის თავზე 51 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გააქტიურების ფონზე, უსტ-ლუგის პორტი ბოლო თვეებში არაერთხელ გამხდარა უკრაინული იერიშების სამიზნე. უკრაინის სამხედრო ძალებმა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში უსტ-ლუგის პორტზე არაერთი დარტყმა განახორციელეს.
