საქართველოში მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, სავარაუდოდ, 17 000-18 000 ტონას მიაღწევს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საექსპორტო ფასი შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო გასულ კვირაში ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შეფერხებები პრაქტიკულად აღმოფხვრილია.
„ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, დაახლოებით, 17 000-დან 18 000 ტონამდე იქნება. რაც შეეხება საექსპორტო ფასს, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის და მხოლოდ მცირედი სხვაობა ფიქსირდება. გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები დაფიქსირდა, თუმცა ეს პრობლემები პრაქტიკულად აღმოფხვრილია. პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს. თანდათანობით გადის ის პროდუქციაც, რომელიც საზღვარზე, მაცივრებში ინახებოდა. ვფიქრობ, ექსპორტის პროცესი ნორმალურად გაგრძელდება და შესაბამისი შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, როგორც ლაშა დოლიძე აცხადებს, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა და შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამა.
„ატმისა და ვაშლატამის წარმოების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, სპეციალური ღონისძიებები გავატაროთ ცოდნის გავრცელების მიმართულებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიძიოთ უკეთესი გასაღების ბაზრები და ვაწარმოოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.
