მოსკოვი ლონდონს ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაზეთ Times-ის პუბლიკაციას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისთვის ბრიტანული კომპანიების მიერ წარმოების დრონები გამოიყენეს. ლავროვის განცხადებით, ეს ფაქტი ბრიტანეთის ომში ჩართვად შეიძლება იყოს განხილული, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება.
„მეცოდება დიდი ბრიტანეთი, თუ ის უკრაინის მხარეს ბოლომდე დარჩება. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიმოქმედოთ მსოფლიო ოკეანეს ნებისმიერ ნაწილში, თუკი ვინმე ჩვენს ინტერესებსა და ჩვენს საკუთრებას ხელყოფს. ჩვენ ასევე გვაქვს სრული უფლება, ბრიტანეთის სარაკეტო ძალების მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში პირდაპირ, ამაყად გაცხადებული მონაწილეობა ომში ჩართვად განვიხილოთ. ამას ყველა შესაბამისი შედეგი მოჰყვება.“, – განაცხადა ლავროვმა.
Times-ი წერდა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს.
