უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტზე დარტყმები განხორციელდა.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, კერძოდ, დაზიანდა თათარეთში, ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ტანეკო“.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ობიექტზე დარტყმას საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
თათრეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დრონების თავდასხმის შედეგად „ზაკამსკის ზონის სამრეწველო კლასტერის“ მუშაობა შეფერხდა და არიან დაშავებულები. სხვა დეტალები არ ვრცელდება.
გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობტერმინალ „ტამანნეფტეგაზზეც“. მათივე განცხადებით, ტამანის გადატვირთვის კომპლექსის სიმძლავრეები წელიწადში 19,9 მილიონ ტონამდე ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი ნახშირწყალბადების გაზის გადატვირთვის შესაძლებლობას იძლევა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ თემრიუკის რაიონის დასახლებულ პუნქტ ვოლნაში, საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
