საბერძნეთის მუნიციპალიტეტ სინტიკის თავშესაფრის მაძიებელთა დროებით განთავსების ცენტრში მიგრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
ინციდენტი სინტიკის მუნიციპალიტეტში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა დროებით განთავსების დახურულ ცენტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტების ჯგუფმა პოლიციელებს ქვები დაუშინა. შემდეგ მათ მავთულხლართების ღობე გადაჭრეს და გაქცევა სცადეს. სამი ადამიანი ადგილზე, დაუყოვნებლივ დააკავეს. კიდევ 14 პირი ცოტა მოგვიანებით, იმავე რაიონში აღმოაჩინეს. ისინი ცენტრში დააბრუნეს.
არეულობის დროს დაზიანდა ცენტრის შენობა და პოლიციის სამსახურებრივი ავტომობილი. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, მანამდე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროკავშირს მოუწოდა, კიდევ უფრო გაამკაცროს მიგრაციული პოლიტიკა და შემოიღოს „საგანგებო რეჟიმი“ მასობრივი მიგრაციული ზეწოლის შემთხვევებისთვის, როგორიცაა ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში განვითარებული ბოლო მოვლენები.
