უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ – გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
ბერნემის თქმით, გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი ჯერ კიდევ 2023 წელს მიაწოდა.
მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის გაზიარებისა და ადგილობრივი წარმოების დაწყების თხოვნით ბრიტანეთს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, მოთხოვნა უკვე დამტკიცებულია და პროექტის ფარგლებში ბრიტანული და ფრანგული თავდაცვითი მრეწველობა უშუალოდ უკრაინულ მხარესთან ითანამშრომლებს. მან გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც.
ბერნემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი გამარჯვების მიღწევას ტერორის კამპანიითა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ცდილობს.
