სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, მოსკოვი ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების გაძლიერებას განიხილავს, მათ შორის კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ეს ნაბიჯი Wildberries-ისა და Ozon-ის საწყობებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ განიხილება.
წყაროების ცნობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად ჩაიშალა და კონფლიქტის მხარეები საწყის წერტილს დაუბრუნდნენ.
გამოცემის თანამოსაუბრეების განცხადებით, პუტინი ომს სანქციების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური ზეწოლისა და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა თუ ლოგისტიკურ ქსელებზე უკრაინის დარტყმების გამო არ შეწყვეტს.
წყაროების ცნობით, მოსკოვი უკრაინის დარტყმებს სულ უფრო მეტად აღიქვამს ნატოს ქვეყნების თავდასხმად, ვინაიდან ალიანსის წევრები კიევს იარაღითა და სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფენ. მათივე თქმით, საომარი მოქმედებების მიმდინარე ფაზას სამხედრო ესკალაციის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.
ომის დასასრულებლად აშშ-ის ძალისხმევას ჯერჯერობით გარღვევა არ მოჰყოლია, ხოლო მოლაპარაკებები შეჩერდა, ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებას ირანთან კონფლიქტზე ამახვილებს.
გამოცემის ცნობით, კრემლს აღარ აქვს იმ შეთანხმებების შესრულების მოლოდინი, რომლებსაც პუტინმა და ტრამპმა, სავარაუდოდ, გასულ აგვისტოს ალასკის სამიტზე მიაღწიეს. აღნიშნული შეთანხმებები დონეცკის ოლქის დათმობის მიზნით უკრაინაზე აშშ-ის ზეწოლას ითვალისწინებდა. კიევი დონბასის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ პუტინის მოთხოვნას თანმიმდევრულად უარყოფს.
დიპლომატიური პროგრესის არარსებობის ფონზე, კრემლთან დაახლოებული ოთხი წყაროს ცნობით, მოსკოვი ომის მიზნების მისაღწევად შემდგომი ესკალაციის გარდა თითქმის ვერანაირ ალტერნატივას ვერ ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ კუშნერი და უიტკოფი ახალ წინადადებებს წარადგენენ, გარღვევის მოლოდინი ძალიან დაბალია.
ორი წყაროს ცნობით, კრემლში მიიჩნევენ, რომ ომის განმავლობაში დათმობებზე უკვე წავიდნენ და თითოეულმა მათგანმა რუსეთის პოზიციები დაასუსტა. ალასკის სამიტი იქ აღიქმება კიდევ ერთ კომპრომისად, რომელმაც კრახი განიცადა.
კრემლთან დაახლოებული წყაროების ცნობით, რუსეთის სულ უფრო მეტი ოფიციალური პირი მიდის დასკვნამდე, რომ უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, პუტინმა უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს. მოსკოვში ამ საკითხზე ხისტმა დისკუსიებმა ბოლო დროს იმატა, რადგან პუტინისთვის ერთადერთი რამ, რაც ომის გაგრძელებაზე უარესია – მასში დამარცხებაა
