თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, იაკო სირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მაშინ დააკავეს, როდესაც თამაზაშვილი თვითმკვლელობას ცდილობდა.
სირანაშვილის თქმით, ელიზბარაშვილი აივნიდან გადახტომას მას შემდეგ აპირებდა, რაც სამართალდამცველების მიერ მისი ცემისა და სახლიდან გაყვანის ფაქტი, ასევე, შვილების მდგომარეობა დაინახა.
როგორც ადვოკატმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
როდესაც სცადეს ტელეფონის წართმევა, რომ არ გადამეღო ვიდეო საგამოძიებო მოქმედებების დროს. ვიდეოს გადაღება ყველას შეუძლია, მით უმეტეს, ადვოკატს. სავარაუდოდ მათ [სამართალდამცველებს] უნდოდათ ჩაედოთ იარაღი ან კანონ საწინააღმდეგო ნივთი, ამის საშუალებას არ ვაძლევდი მათ, რადგან ვუღებდი საგამოძიებო მოქმედებების დროს. მაგიტომ შემოვარდა, დაახლოებით 20 კაცი და მეცა, რასაც ჰქვია, ტელეფონს მგლეჯდნენ ხელიდან. მაშინ, როდესაც არ მივეცი ტელეფონის წართმევის საშუალება, ხელებს მიგრეხდნენ და ძირს დამაგდეს, წიხლებით შემდგნენ“,- განაცხადა ადვოკატი.
კითხვაზე, როდის დატოვა კლინიკა და აღენიშნება თუ არა დაზიანებები, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, იაკო სირანაშვილმა განაცხადა, რომ გადაადგილება უჭირს და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაზიანებები აქვს.
ადვოკატის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, თუმცა მისი შეფასებით, საქმეს 364-ე და 365-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებიც უნდა დაემატოს, რომლებიც ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლას ეხება.
“ისეთი დაზიანებები მაქვს, ძლივს დავდივარ. გადაადგილება მიჭირს. მარცხენა ხელი ძალიან მტკივა. სმენაც მაქვს დაქვეითებული და ამასთან, სახის ძვალი მაქვს გასივებული. კლინიკა ჩემი გადაწყვეტილებით დავტოვე, რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ იქ ყოფნა. გამოძიება დაიწყო 333-ე მუხლით და აუცილებლად უნდა დაემატოს, 364-ე და 365-ე მუხლები, რომლებიც გულისხმობს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლას. ცემა-ტყეპაზე უფრო მეტად გაბრაზებული ვარ, ჩემი პროფესიული მოვალეობის ხელშეშლის გამო. ამაზე ვარ ყველაზე მეტად გამწარებული და იმაზეც, რომ ამხელა ძალადობას ჰქონდა ადგილი ადვოკატის მიმართ, აუცილებლად მეორე მუხლიც უნდა აამოქმედონ, 333-ე მუხლით ვერ შემოიფარგლებიან“,- განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარებას, სირანაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საგამოძიებო უწყებაში მისვლაც ვერ შეძლო.
“ძალიან ცუდად ვარ და ფიზიკურად ამ დრომდე გამოძიებამდეც ვერ მივედი. გამოძიებამ მითხრა ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და იმედია ჩამიტარებენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა. “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ელიზბარაშვილი ამ დროისთვის ადმინისტრაციულად არის დაკავებული.
