გერმანული მედიის ცნობით, 7 სექტემბერს, ღამით, მიტეს რაიონში სამშენებლო ობიექტზე გაჩენილი ხანძარი მეზობელ ქვესადგურზე გავრცელდა. მოხდა აფეთქებაც. ხანძრის ჩაქრობაში ბერლინის სახანძრო სამსახურის 25 თანამშრომელი მონაწილეობდა.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ უცნობმა პირებმა ქვესადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტის გავლით შეაღწიეს. ჯერჯერობით უცნობია, ხანძარი ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია თუ ის განზრახ გააჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.
ამას გარდა, 7 სექტემბერს საღამოს, დიდი საპოლიციო დანაყოფი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, ქალაქ ვეზელში მდებარე „ნიდერრაინის“ ქვესადგურთან გამოჩნდა. სამართალდამცავებმა ენერგეტიკული კონცერნის, RWE-ის, ობიექტის ტერიტორია მოაქციეს ალყაში.
ოპერაციის დროს თანამშრომლებმა ღობეში ხვრელი აღმოაჩინეს.
ორივე ინციდენტი გერმანიის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სერიის ფონზე მოხდა.
