კამბრილსის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ესპანელმა ძალოვანებმა 5 ტერორისტი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზღვისპირა ქალაქში, ბარსელონას მსგავსი მეორე ტერაქტი აღკვეთეს. ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილებს იმ დროს ესროლა, როდესაც ისინი აუდის მარკის ავტომობილით რამდენიმე ადამიანს დაეჯახნენ.
თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. სროლის შედეგად 4 თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა, მეხუთე კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ხუთივე მოკლულს სხეულზე ე.წ. შაჰიდის ქამრები და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
ბალრსელონასა და კამბრილსის ტერაქტებს დაუკავშირა გამოძიებამ ქალაქ ალკანარში მომხდარი აფეთქებებიც, რომელსაც 1 ადამიანი ესმხვერპლა. საცხოვრებელ სახლში მომხდარი ორი აფეთქება თავდაპირველი ვერსიით, გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ახლა კი, პოლიციაში ვარაუდობენ, რომ შენობას ტერორისტები ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად იყენებდნენ.