მანანა კობახიძის ძმას, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს, საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.
ჯავახიშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ პოსტსკრიპტუმს მისცა, სადაც ყვება, რომ თედო კობახიძემ მას პარტია ქართულ ოცნებაში მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა, თუმცა პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა.
სკანდალურ ისტორიას, სკანდალური გაგრძელება უკვე თბილისის საკრებულოში მოჰყვა. არჩევნების შემდეგ, თედო კობახიძემ ბადრი ჯავახიშვილი საკრებულოში დაასაქმა. სანაცვლოდ ჯავახიშვილის ყოველი თვის ხელფასიდან 35% თედო კობახიძის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. ბადრი ჯავახიშვილი თედო კობახიძის კლასელი და მისი დის, მანანა კობახიძის მოსწავლეა, მან პოსტსკრიპტუმს კობახიძის ანგარიშზე ფულის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინა, რომელშიც თანხის გადარიცხვას ახსენებენ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯავახიშვილმა თედო კობახიძეს თანხის გადახდაზე უარი განუცხადა, რასაც მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.
თავად თედო კობახიძე ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, თუმცა იმის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუ რატომ შეჰქონდა მის ანგარიშზე ფული საკრებულოს აპარატის თანამშრომელს. სკანდალური ისტორიის ყველა მთავარი დეტალი ნახეთ რეპორტაჟში.