სანდრა რულოვსი თბილისში მხოლოდ იმ მიზეზით რჩება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის იურიდიული უფლება ჰქონდეს, – აღნიშნული შინაარსის სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. სწორედ ამიტომ, სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია სანდრა რულოვსის გამო შეცვალა.
სტატიის თანახმად, პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 5 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ბოლო 3 წელი ცხოვრობს საქართველოში, – ეს დებულება ამგვარად შეიცვალა მესამე მოსმენამდე.
პირველი და მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტებში პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო დაბადებით საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 15 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში. კონკრეტულ ჩასწორებას კი საინტერესო ისტორია აქვს.
როდესაც 2010 წელს პარლამენტი „ახალ კონსტიტუციას“ იღებდა, მესამე მოსმენამდე კონკრეტულად ამ პუნქტის შინაარსის მიხედვით, პრეზიდენტი დაბადებით საქართველოს მოქალაქე უნდა ყოფილიყო, როგორც წესი, მესამე მოსმენაზე არასდროს კეთდება ძირეული შესწორებები. შინაარსში სწორდება მხოლოდ პუნქტუაციები და აქცენტები. ამ შემთხვევაში კი სწორედ მესამე მოსმენისას, სააკაშვილის მოთხოვნით კონსტიტუციიდან ამოვარდა მოთხოვნა პრეზიდენტობის კანდიდატის დაბადებით საქართველოს მოქალაქეობაზე. კონსტიტუციაში ასეთი ცვლილების შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრის რანგში დაუბრუნდებოდა, სანდრა რულოვსი კი – პრეზიდენტის რანგში.
სტატიის ბოლოს, ავტორი მკითხველს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სანდრა რულოვსის ჟურნალ „ვოგისთვის“ მიცემულ მცირე ინტერვიუს ახსნებს:
„მე თუ არ ვარ აქტიურად ჩართული პოლიტიკაში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვაზე ნაკლებად, მესმის პოლიტიკაო“, – ამბობდა რულოვსი.
როგორც სტატიის ავტორი წერს, რულოვსი ქმარს არ გაჰყოლია უკრაინაში და ის საქართველოში ცხოვრებას განაგრძობს. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, კი ყოფილი ლედი თბილისში მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის იურიდიული უფლება ჰქონდეს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რამდენიმე თვის წინ ინტენსიურად საუბრობდნენ იმაზეც, რომ საპარლამენტო არჩევნებში სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აღნიშნულ იდეას პარტიაში მხარი გიგა ბოკერიამ არ დაუჭირა. მოგვიანებით კი გავრცელებული ხმები ყოფილმა პირველმა ლედიმაც უარყო და სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს“,- დაწერა რულოვსმა.
სანდრა რულოვსი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
2016/06/13 17:43:07
კომენტარები
ნანახია: 5462 ჯერ