ესტონეთის თავდაცვის რესურსების სააგენტოს (KRA) დირექტორის, ანუ რანავესკის განცხადებით, ქალთა სავალდებულო სამხედრო გაწვევა მხოლოდ დროის საკითხია, რადგან მომავალში წვევამდელი მამაკაცების საკმარისი რაოდენობა აღარ იქნება.
ხუთშაბათს, 28 მაისს, რადიოკომპანია Vikerraadio-ს გადაცემა „Uudis+“-ში გამოსვლისას, რანავესკიმ კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, რაიტ მარუსტეს წინადადებაზე, რომელიც სავალდებულო გაწვევის ქალებზე გავრცელებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯარში დღეს მხოლოდ მამაკაცებს იწვევენ, სულ უფრო აშკარა ხდება – შობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია იმისთვის, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს. თუ წინა თაობებში, ყოველწლიურად, საშუალოდ 15 000-მდე ბიჭი იბადებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 4–5 ათასამდე შემცირდა.
„ნათელია, რომ მხოლოდ ამ ახალგაზრდებით ფონს ვეღარ გავალთ და თავდაცვის გეგმებით გათვალისწინებულ 4 100 ადგილს ვერ შევავსებთ. 2040 წლისთვის პრობლემა უკვე ძალიან მწვავე ხასიათს მიიღებს და იმ დროისთვის 4 100 ადგილის შევსება შეუძლებელი იქნება “, – განაცხადა რანავესკიმ.
მარუსტემ კი აღნიშნა, რომ თანამედროვე ეროვნული თავდაცვის სისტემაში ბევრი პოზიცია არ მოითხოვს ფიზიკურ ძალას, რაც შესაძლებელს ხდის, გაწვევა ორივე სქესზე გავრცელდეს.
რანავესკის მიაჩნია, რომ ესტონეთის თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, დაიცვას ესტონეთის დამოუკიდებლობა. „საკითხის არსი უფრო იმაშია, თუ როდის მოხდება ეს და არა იმაში, მოხდება თუ არა საერთოდ“, – განაცხადა რანავესკიმ.

რაოდენობა ხარისხის წინააღმდეგ
თუ ვითარება არ შეიცვლება, მომდევნო 14 წლის განმავლობაში ესტონეთი კვლავ შეძლებს ფონს გასვლას მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცების ხარჯზე. თუმცა, თავდაცვის რესურსების სააგენტოს დირექტორი მიიჩნევს, რომ უკვე საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება შემდეგ.
თუ უფრო ნაკლები ბიჭი დაიბადება, ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ სუსტი ჯანმრთელობის მქონე მამაკაცების გაწვევა გახდება საჭირო.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მიმართ მოთხოვნები უნდა შევამციროთ, რადგან თუ ახალწვეულებს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემა ექნებათ, მაშინ ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა თავდაცვის ძალებს მოუწევს “, – განმარტა მან.
2023 წლის შემდეგ, ეროვნული თავდაცვის სწავლება საშუალო სკოლის ზედა კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდა. რანავესკის თქმით, ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონებს, ეხმარება, სამხედრო სამსახურზე დაიწყონ ფიქრი.
სამხედრო სამსახურში შესულ ქალთა რაოდენობა მცირდება
ბოლო წლებში, სამხედრო სამსახურში შესული ქალების რაოდენობა შემცირდა. გასულ წელს ესტონეთის ჯარში 45 ქალი მსახურობდა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 49-ს შეადგენდა, 2023 წელს – 50-ს, ხოლო 2022 წელს სამხედრო სამსახურში 60 ქალი ჩაირიცხა.
თუმცა, რანავესკის თქმით, სამხედრო სამსახურში შესულ გოგონებს, როგორც წესი, ბევრ ახალგაზრდა მამაკაცზე მეტი მოტივაცია გააჩნიათ.
„თავდაცვის ლიგის“ წევრი, ადვოკატი კარინ მადისონი ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხარს უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში შესასვლელად დაწესებული ფიზიკური ბარიერი ზედმეტად მაღალია.
„არ არის საჭირო, ფიზიკური მომზადების ტესტის ჩაბარებისას, ყველას ერთი და იგივე მოთხოვნა წაუყენო. ჩვენ შეგვიძლია, ბევრად უფრო ზოგადად განვსაზღვროთ სამხედრო გაწვევის კრიტერიუმები და ჯარისკაცის სრულფასოვნად მომზადების საფეხურების გავლა ყველასგან არ მოვითხოვთ“, – აღნიშნა მან.

მადისონის აზრით, თავდაცვის ძალებში ქალებს შეუძლიათ, სხვა უამრავი ფუნქცია შეასრულონ.
„ასეთია, მაგალითად, ლოჯისტიკისა და მედიცინის სფეროები. თითოეულ ადამიანს შეიძლება მოვუნახოთ აქ ადგილი, სადაც ისინი თავის საქმეს გააკეთებენ. დღეს ჩვენ არ ვიცით, როგორ შევთავაზოთ ეს ხალხს. თუ ბიჭები და გოგონები ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით იფილტრებიან, მაშინ ისინი, შესაძლოა, ძალიან გამოადგნენ პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ან სამაშველო სამსახურს. ჩვენ ქალებზე ან კაცებზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ იმაზე, რომ სხვადასხვა ფუნქციას განსხვავებული ბარიერი ჰქონდეს. ამით სამხედრო სამსახურში მეტი ქალსა და მამაკაცს მოვიზიდავთ“, – ამბობს მადისონი.
ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წევრმა, გადამდგარმა სამხედრო ოფიცერმა, ლეო კუნასმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (ERR) განუცხადა, რომ ამჟამად ესტონეთს ფონს გასვლა ქალთა სავალდებულო გაწვევის გარეშეც შეუძლია.
„თუმცა, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ დემოგრაფიული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან ამავე დონეზე დარჩება, მაშინ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ზომა ავამოქმედოთ“, – აღნიშნა მან.
ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი მარტინ ჰერემი და ამჟამინდელი სარდალი, ანდრუს მერილო მიიჩნევენ, რომ ქალთა სამხედრო სამსახურის წახალისება საჭიროა, მაგრამ მომავალშიც ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
https://news.err.ee/1610040187/female-conscription-in-estonia-is-inevitable-says-defense-official
