ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისას დარღვევები არის ძალიან მინიმალური, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შეჩერებაზე. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 2017 წლის 28 მარტიდან 19 ივლისის ჩათვლით, შენგენის ზონიდან საქართველოს 54 929 მოქალაქიდან 3 000 არ დაბრუნდა. დოლიძე აცხადებს, რომ მთავარია საქართველოს მოქალაქეებმა არ მოითხოვონ თავშესაფარი, რადგან ეს გამოიწვევს პრობლემებს.
„გვინდა გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს წესები, ვუთხრათ რომ არ მოითხოვონ თავშესაფარი. თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემების გაზრდა ყოველთვის იწვევს პრობლემების წარმოშობას და მთავრობას, ხანძრის ჩაქრობა გვიწევს. არაერთხელ ყოფილა მსგავსი რამ, თუმცა ყველაფერი ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს. იმ 3 000 კაციდან რამდენს აქვს დარღვეული მიმოსვლის წესები, ძნელი სათქმელია. შესაძლოა ბრიუსელში ჩაფრინდა პირი და იქიდან გადაფრინდა ყაზახეთში ან სხვაგან. ამიტომ, ამგვარი მონაცემები ზუსტად უნდა გვქონდეს აღნუსხული, შეუძლებელია. დარღვევები არის ძალიან მინიმალური, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შეჩებაზე“, – ამბობს დოლიძე.