ყველამ დაინახეთ რაც ხდებოდა დღეს საკრებულოს წინ, მაგრამ ჩვენ შეგვწევს ძალა, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, კიდევ უფრო გავამყაროთ ის და თქვენთან ერთად დავიცვათ ის მონაპოვარი, რომელიც 2012 წელს ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ბიძინა ივანიშვილის ხელძღვანელობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას საკრებულოსთან დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა. „ჩვენ ყველანი ერთად გადავდგამთ იმ სწორ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ გამოიყვანს იმ ჩაკეტილი საბედისწერო წრიდან, რომელზეც ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დავდივართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს, მიუხედავად იმისა, უნდა ეს ვიღაცას თუ არ უნდა და დაინახეთ თქვენ დღეს, რაც ხდებოდა საკრებულოს წინ. მაგრამ, მინდა იცოდეთ, ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, კიდევ უფრო გავამყაროთ ის და თქვენთან ერთად დავიცვათ ის მონაპოვარი, რომელიც 2012 წელს ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ბიძინა ივანიშვილის ხელძღვანელობით. და ეს აუცილებლად არასოდეს არავინ არ უნდა დაივიწყოს. სამწუხაროდ, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ამ ადამიანების უკიდურეს უმადურობას, ამას ყველანი ერთად გადავლახავთ და არა მხოლოდ გადავლახავთ, ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.