“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარტიას უვრცელებენ ხმებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
ბურჯანაძის თქმით, მსგავს ინფორმაციას ხალხის დასაბნევად იგონებენ.
“ჩვენ გვივრცელებენ ხმებს, თითქოს ბურჯანაძე და მისი პარტია არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს არის ტყუილი! ეს არის მოგონილი იმისათვის, რომ ადამიანები დააბნიონ. ჩვენ არა თუ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ძალიან სერიოზულად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში და მე ვეუბნები ხალხს, რომ ერთადერთი ხსნა, რომ ქვეყენა იყოს სტაბილური, რეალურად დამოუკიდებელი და ეკონომიკურად განვითარებული სწორედ ჩემი და ჩემი პოლიტიკური ძალის პარლამენტში მოსვლაა”, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მომზადებულ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ კანონპროექტს სარეკლამო დროსთან დაკავშირებით, სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„აბსოლუტურად დემაგოგიური იყო ბატონი ხმალაძის და სხვების განცხადებები, რომ თითქოს სამართლიანობა აღდგა.
სამართლიანობის აღდგენაში რომ ესე მაგრები ყოფილიყვნენ, ძალიან ბევრი სხვა რამ იყო გასაკეთებელი და სამართლიანობის აღდგენად არ ჩაითვლება ის, როდესაც ჩვენს პარტიას წაართვეს რაც კანონით და მოსახლეობის ნებით გვქონდა მონიჭებული. არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე წაგვართვეს უფასო სარეკლამო დრო ჩვენ და გადაუნაწილეს ისეთ პარტიებს, როგორიც არის „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ზოგიერთები“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ეს იყო აბსოლიტურად ყაჩაღური აქტის მცდელობა საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ჯერ კიდევ მესამე მოსმენა არ ჩატარებულა და იმედი მინდა ვიქონიო, რომ გამოჩნდებიან კეთილსინდისიერი დეპუტატები, რომლებიც არ დაუჭერენ ამ კანონს მხარს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ინფორმაციით მრეწველებმა მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებას, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის პირადად მომგებიანია ეს კანონპროექტი. მრეწველები ნამდვილად კეთილსინდისიერად მოიქცნენ. მინდა მოვუწოდო სხვებსაც, ვისაც აქვს კეთილსინდისიერებაზე პრეტენზია, რომ არ დაუჭირონ ამ ყაჩაღურ აქტს მხარი. მე არ მახოვს ისეთი ფაქტი, არ მახსენდება სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, რომ სააკაშვილს ასე კანონით და საკანონმდებლო აქტის მეშვეობით, განეხორციელებინა ესეთი ყაჩაღური აქტი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. მან ასეთი ყაჩაღური აქტი განახორციელა საკანონმდებლო დონეზე პირადად ჩემს წინააღმდეგ, მან, ბაქრაძემ და პარლამენტმა, როდესაც მიიღეს აბსოლიტურად არაკონსტიტუციური ცვლილება 2009 წლის ივლისში, რაც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააუქმა, მაგრამ არა ჩემთან მიმართებაში“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, პარტიებთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების ისტორიაში და ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო გარემო ვერ ჩაითვლება თავისუფლად.
კომენტარები