საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.
საჯარო ლექციას ესწრებიან ბერლინის სხავადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, ექსპერტები და სტუდენტები.
„საქართველოს ევროპული არჩევანი წარმოადგენს არა მხოლოდ არსებულ პრიორიტეტს, არამედ ეს არის თაობათა არჩევანი, რომელიც იზიარებს საქართველოს იდენტურობის ერთიან აღქმას. ეს არის არჩევანი, რომელიც დაგვეხმარა უკანასკნელი წლების მანძილზე მიგვეღწია მნიშვნელოვანი პროგრესისათვის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს არის შედეგი. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და განვაგრძობთ წარმატებულ სვლას ყველა იმ ვალდებულებების განხორციელების კუთხით, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისა და თანამედროვე ევროპული დემოკრატიის დამყარების გეგმას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების შემადგენელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე, ევროპულ ბაზარზე, ქართული პროდუქციის თავისუფალ და მარტივ მიწოდებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატის აყვავებას და ეკონომიკურ ზრდას. ევროპასთან ასოცირება ჩვენთვის იმაზე მეტია ვიდრე პოლიტიკა და ბიზნესი: ჩვენ ვიღწვით იმისათვის, რომ დავაახლოვოთ ქართველი და ევროპელი მოქალაქეები ყველა სფეროსა და ყველა სექტორში, ნებისმიერ დონეზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„ჩვენი შვიდწლიანი გეგმა ორიენტირებულია იმაზე, რომ დემოკრატიული ფასეულობები მივიტანოთ ჩვენი საზოგადოების გულთან ახლოს. ჩვენ ავღკვეთეთ დისკრიმინაცია, რომელიც მიმართული იყო კანის, ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა ან რელიგიური შეხედულებების დისკრიმინაციისაკენ. ჩვენ საგრძნობლად გავაძლიერეთ თავისუფლების გამოხატვა და მედიის თავისუფლება. მე ვიყავი ამაყი, როდესაც გავიგე, რომ Freedom House-მა და ჟურნალისტებმა საზღვრების გარეშე (Reporters without Borders) საქართველო დაასახელა ლიდერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საქართველომ საგრძნობლად წინ წაიწია უკანასკნელი შეფასებების მხრივაც. ჩვენი ვალდებულება თავისუფლების გამოხატვის კუთხით იქნება გადამწყვეტი, ვინაიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები და ჩენი მიზანია, რომ აღნიშნული არჩევნები იყოს მიჩნეული, როგორც ყველაზე გამჭირვალე არჩევნები საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგადასახადო სისტემა გადაიხედა: მსოფლიო ბანკის მიხედვით საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ქვეყანას, სადაც შეიძლება ბიზნესის კეთება.
„ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-9 ქვეყანა ყველაზე დაბალი გადასახადის მაჩვენებლით. ჩვენ გვაქვს სწრაფად მზარდი უცხოური ინვესტიციები და ყველა სარეიტინგო საკრედიტო სააგენტოები მიგვიჩნევენ სტაბილურ ქვეყანად. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ჩემმა მთავრობამ მიიღო ოთხ პუნქტიანი რეფორმის გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიან და მზარდ განვითარებას. ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ საქართველოს ისტორია ყველაზე სწორი მხრიდან. ჩვენ ვართ პატარა, სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4 მილიონს და რომელსაც გააჩნია უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ გვჯერა თავისუფალი, ღია და გამჭირვალე ბიზნეს გარემოსი. ჩვენ აღვკვეთეთ კორუფცია. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, ჩვენ მოვიზიდეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და უმუშევრობის მაჩვენებელმა დაიწია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1.75 მილიარდი ამერიკული დოლარი, ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვეენებლი 2008 წლის შემდეგ. 2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1.35 მილიარდი ამერიკული დოლარი
“ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები ევროკავშირთან და გვჯერა, რომ ჩვენი მომავალი ემსახურება უსაფრთხო, უფრო დემოკრატიულ და აყვავებულ ევროპულ კონტინენტს. ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც სრულად მონაწილეობს საერთაშორისო ვაჭრობაში და ევროპულ ინტეგრაციას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევს. ჩვენ ამაყნი ვართ იმით, რასაც დღემდე მივაღწიეთ. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ამაში თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. გერმანია ისტორიულად იყო საქართველოს დიდი მეგობარი და გვინდა გთხოვოთ, რომ თქვენ განაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა, ვინაიდან ჩვენს გვსურს დავუახლოვდეთ ევროპას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე საშუალება მოგვეცემა, თქვენს ქვეყანაში ვიზის გარეშე გამოვემგზავროთ, მე აგრეთვე სურვილი მაქვს მიგიწვიოთ საქართველოში – მე მჯერა, რომ თქვენ იქ მიგიღებენ ძალიან თბილად და თავს იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში”, – აღნიშნა პრემიერმა.