“ნებისმიერი სპეცოპერაცია ძალიან ბევრ უკმაყოფილებას იწვევს იმიტომ, რომ ამ დროს ბევრი დარღვევა შეიძლება, მოხდეს. პანკისის სპეცოპერაციამ იმ კითხვებს გასცა პასუხი, რომლებიც თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ გააჩინა. ეს სპეცოპერაცია რომ არ ჩატარებულიყო, კითხვები ისევე დარჩებოდა, როგორც ამ დრომდე არსებობდა. იმათ, ვინც ასრულებენ სპეცოპერაციას, სჭირდებათ უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა და მუშაობის კულტურა, ვიდრე ჩვეულებრივ სამართალდამცავებს. ესაა პრობლემა, თორემ იმას, რომ არ ჩატარდეს სპეცოპერაცია და ამ დროს ქვეყანაში მაღალი იყოს კრიმინოგენური მდგომარეობა, გვერდს ვერ აუვლი”, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტერორისტებს საქართველო არ აინტერესებთ” / რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ინტერესში, პირველ რიგში, დასავლეთი და აშშ-ია.
“სპეცოპერაცია ძალის გადამეტებას არ ამართლებს, ორივე უნდა იყოს მოგვარებული ისე, რომ ეს ორი პრობლემა ერთმანეთს არ დაერთოს… რა მიზანი ჰქონდათ ტერორისტებს? – თუ მათ ქმედებებს დავაკვირდებით, იკითხება – საქართველო არ აინტერესებთ. დასავლეთის პოლიტიკური წრეების შეშფოთება და პანიკის გაჩენაა მათი მიზანი. ამ შემთხვევაში ეს ვერსია ჯდება იმ ლოგიკაში, რომლითაც ტერორისტები მოქმედებენ. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გამოითქვა ვერსია, რომ თავდასხმა იგეგმებოდა აბრეშუმის გზის ფორუმზე, სადაც ასობით უცხოელი დიპლომატი იყო ჩამოსული”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე – “ე.ი. საქართველო “ისლამური სახელმწიფოს” ინტერესში არ შედის?” – პასუხობს:
“ისლამური სახელმწიფოს” ინტერესშია, პირველ რიგში, დასავლეთი და აშშ. მათ კულტურულად თუ პოლიტიკურად მიუღებლად მიაჩნიათ “ისლამური სახელმწიფოს” არსებობა. ამ ფონზე, სად მოხდება ეს დაპირისპირება, რა ტერიტორიაზე, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ევროპის არაერთ ქვეყანაში განხორციელებულა ტერაქტი. ძიება ამბობს, რომ ეს ტერორისტები თავს საქართველოს აფარებდნენ, რაც ლოგიკურად არაა გამორიცხული. მაგრამ ეს შეიძლება საბოლოოდ ჩამოყალიბებული და ბოლომდე მიყვანილი ვერსია არ იყოს, ამას დრო უნდა”.
“რაც შეეხება კვირიკაშვილის შესაძლო გადაყენებას, თუ ვიგულისხმებთ, რომ საქართველოს დიდი ნაწილისა და ასევე უცხოელი პარტნიორებისთვის კვირიკაშვილი სრულიად მისაღებია, არ ჩანს მისი გადაყენების სერიოზული მიზეზი. თუ ეს რომელიმე პარტიისთვის მისაღებია, ეს სხვა თემაა. არჩევნებზე ხმების უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა, შესაბამისად, მთავრობაც მან დააკომპლექტა და მისი წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ვერსია, რომ გაღიზიანებულია, იმიტომ, რომ უპირებენ რაღაცას, გასაგებია, მეც მოვისმინე, მაგრამ მის გადაყენებაზე საუბარი უფრო ადრე იყო. მეორე მხრივ, ამ დაპირისპირებამ შექმნა ის, რომ მიგვახვედრა, როგორ იზრდება თვალსა და ხელს შუა ერი, რაც მისასალმებელია. მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რომ, არიქა, ეს დაპირისპირება კვირიკაშვილის გაღიზიანებისა და ნერვიულობის გამო მოხდა. ეს სამართლებრივად შეიძლება, არ იყოს სწორი. იქ მელიას მხრიდან იყო შეურაცხყოფა. საქართველოში არის ზღვარი, რომლის მერეც შეურაცხყოფას პასუხობენ. ამის გატარებაც უარყოფით ემოციებს გამოიწვევდა, იტყოდნენ, ამ კაცს არაფერი შეუძლიაო, აგერ შეურაცხყოფას აყენებენ და ხმას არ იღებსო. ასე რომ, პოლიტიკურად რომელი უფრო მომგებიანია, ამის შეფასება გამიჭირდება”, – დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.