დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა.
აკადემიაში პარლამენტის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. დეპუტატებს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა სიტყვით მიმართეს. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, თავდაცვის უწყებასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.
სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის სამხედრო განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მან სამხედრო განათლების საფეხურებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა.
„ოთხწლიანი სწავლების დასრულების შემდეგ იუნკრები ოფიცრის წოდებას იღებენ. ისინი შესაბამის სპეციალიზაციას გადიან, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში ოფიცრებად ინიშნებიან. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკრებისთვის უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი პირობა მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და წარმატებული სამხედრო კარიერის ჩამოსაყალიბებლად“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძე.
გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა განათლების რეფორმის ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს, რომელიც ეროვნულ სამხედრო აკადემიას უკავშირდება. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და კვლევა-განვითარების მიმართულებით სამომავლო შესაძლებლობებზე.
„სამხედრო და თავდაცვის სფერო ხშირად წარმოადგენს ინოვაციების მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მრავალი ტექნოლოგიური სიახლე და გამოგონება იღებს სათავეს. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ აკადემიაში კვლევითი საქმიანობა იყოს სწორად ორგანიზებული და იქ არსებული ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად იქნას გამოყენებული“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
პარლამენტის წევრებმა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე, თავდაცვის ეროვნული აკადემია დაათვალიერეს. დეპუტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ იუნკერების საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს.
„ვისაუბრეთ განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე და ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო პროცესის განვითარება და სისტემატიზაცია. ასევე დავათვალიერეთ აკადემიის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ლაბორატორიები, სადაც იუნკრები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეცნობიან სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს“, – განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.
თავდაცვის აკადემიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა
25.02.2026 17:47:14
კომენტარები
ნანახია: 6 ჯერ
