უკრაინული დელეგაცია უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით ხვალ აშშ-ში ჩავა და ამერიკულ მხარესთან ომის დასრულების საკითხების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უმეროვის გარდა უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში იქნება ეკონომიკის მინისტრი, ალექსეი სობოლევი.
უკრაინული დელეგაცია ამერიკაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ბიზნესმენს, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარერ კუშნერს შეხვდება.
ზელენსკის განცხადებით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილება. პირველი საკითხი უკრაინის ომის შემდგომ აღდგენას შეეხება. მეორე საკითხი, რასაც მხარეები განიხილავენ, რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის ჩატარების ვადები და დეტალები იქნება.
უკრაინის ლიდერის თქმით, ასეთი შეხვედრა, შესაძლოა, მარტის დასაწყისში გაიმართოს. ამერიკაში აგრეთვე განიხილავენ ტყვეების გაცვლასაც.
