თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გაიცა.
როგორც თურქულ სააგენტო „ანადოლუს“ ანკარის პოლიციის სამმართველოში განუცხადეს, დაკავებულია თურქეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი.
ანკარის სასამართლოს გადაწყვეტილებით თურქეთის მოქალაქე ჰ. კ. დაპატიმრებულია. მას ბრალად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა ედება.
რუსეთის ელჩზე, ანდრეი კარლოვზე თავდასხმა ანკარაში 2016 წლის 19 დეკემბერს მოხდა. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. სამართალდამცავებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზევე განახორციელეს.
რუსეთის დიპლომატზე თავდასხმის გამოძიების ფარგლებში სულ 6 პირია დაკავებული, მათ შორის 3 პოლიციის თანამშრომელი. დაკავებულთა შორისაა მედია ჯგუფ „გურუს“ უფროსი ჰაირედდინ აიდინბაში და გამოფენის ორგანიზატორი – მუსტაფა თიმურ ოზქანი.