უახლოეს მომავალში, ევროკავშირს საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციისთვის არ ეცლება, რადგან თვითგადარჩენის პრობლემა დაუდგა, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში.
“ვითარება ძალიან დრამატულია, რადგან ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების სურვილს სხვა ქვეყნებიც გამოთქვამენ. პრობლემა ძალიან ბევრი იქნება, რაც გავლენას ჩვენზეც იქონიებს. უახლოეს ხანებში საქართველო ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს. 10 წლის შემდეგ კი, რა იქნება და ევროკავშირი საერთოდ იარსებებს თუ არა, არავინ იცის. დღეს ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ჩვენ ევროპასთან თანამშრომლობა და დაახლოება უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში რას ვაკეთებთ. ჩვენი მოქმედებები რეალურ პოლიტიკაზე უნდა ავაგოთ და არა სურვილებზე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ბრიტანეთის შემთხვევა შესაძლოა, ჯაჭვური რეაქციის დასაწყისი აღმოჩნდეს, რასაც სხვა ქვეყნებში იგივე შედეგები მოჰყვება.
“ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის კრახი აბსოლუტურად გარდაუვალია. უახლოეს მომავალში ევროპული არქიტექტურა მთლიანად გადაიხედება. ის, რაც ახლა ევროკავშირში ხდება, ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელი მცდარი პოლიტიკის შედეგია. ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა აშშ-ის ინტერესი დააყენა. როცა ევროპა იძულებული გახდა, მილიონობით მიგრანტი მიეღო, აშშ-მა განაცხადა, რომ სულ რამდენიმე ათასი სირიელის მიღება შეუძლია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.